POLITICO: „რესპუბლიკელები“ შუალედურ არჩევნებში მძიმე მარცხის შემდეგ თითებს ტრამპისკენ იშვერენ
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკავშირე „რესპუბლიკელებმა“, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგეს - არჩევნებში პარტიის მძიმე მარცხის გამო კრიტიკა თავად პრეზიდენტის მიმართაც გამოთქვეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
უჩვეულოდ გულახდილი განცხადებები „რესპუბლიკელების“ ქვეყნის მასშტაბით განცდილმა მარცხმა განაპირობა. არჩევნების შედეგები პრეზიდენტის პოლიტიკისა და საქმიანობის მიმართ ამომრჩეველთა უარყოფით დამოკიდებულებაზე მიუთითებს და პარტიის ყველაზე მძიმე მოლოდინებსაც კი დაემთხვა.
„რესპუბლიკელების“ ნაწილმა მარცხი ირანთან ომსა და საწვავისა თუ სურსათის ფასებზე მის გავლენას დაუკავშირა, სხვებმა კი ყურადღება პრეზიდენტის ქცევის მანერაზე გაამახვილეს, წერს გამოცემა.
„რესპუბლიკურ“ პარტიაში გარკვეული გადაფასების პროცესი მიმდინარეობს. უნდა გადაწყვიტონ, საით წავიდნენ. ვფიქრობ, პარტიის ერთი ნაწილი ნორმალურ პოლიტიკურ გარემოსთან დაბრუნებას დაუჭერს მხარს. ეს არ ნიშნავს ტრამპის იდეოლოგიისა და პოლიტიკის უარყოფას, თუმცა მისი მართვის სტილისგან გამიჯვნას გულისხმობს“, - განაცხადა ოჰაიოს შტატის „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა მეტ დოლმა.
„ეს შეიძლება ცოტა ირონიულად ჟღერდეს, მაგრამ მომავლის მიმართ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ორ წელიწადში ტრამპი აღარ იქნება“, - განუცხადა POLITICO-ს მეინის შტატის გუბერნატორობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა ბობი ჩარლზმა.
ამასობაში, ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა მარცხის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორი დაასახელეს, მათ შორის ტელეკომპანია Fox News, ე.წ. RINO-ები - „რესპუბლიკელები“ მხოლოდ სახელით - და „ზარმაცი“ კანდიდატები. ეს მაშინ, როდესაც პარტიამ ხელისუფლების ორივე პალატაში მძიმე მარცხი განიცადა, ხოლო „დემოკრატების“ გამარჯვების ტალღამ ტრადიციულად, „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერ შტატებსაც გადაუარა, მათ შორის ტეხასში, სამხრეთ კაროლინაში, აიოვასა და კანზასში, წერს გამოცემა.
ტრამპმა ცალკე გააკრიტიკა ტეხასის „რესპუბლიკელი“ გუბერნატორი გრეგ ებოტი და მას RINO უწოდა. პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა თავად არ აიღო და განაცხადა, რომ კენჭისყრაში მისი კანდიდატურის მონაწილეობა „რესპუბლიკელებს“ „გამანადგურებელ გამარჯვებას“ მოუტანდა.
ტრამპის მრჩეველმა ალექს ბრუზევიცმა „რესპუბლიკელების“ ცუდი შედეგები კანდიდატებს დააბრალა, რომლებსაც „არ გააჩნდათ შთამაგონებელი გზავნილები, იყვნენ ზარმაცები და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის უნარი სრულიად აკლდათ“. მან კონკრეტულად ახსენა ჯორჯიის შტატის „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მაიკ კოლინზი, რომელმაც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვერ შეძლო მოქმედი „დემოკრატი“ სენატორის, ჯონ ოსოფის წინააღმდეგ მხარდაჭერის მოპოვება.
POLITICO-თან საუბარში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები არჩევნებამდე უკვე მიანიშნებდნენ, რომ მარცხის შემთხვევაში პასუხისმგებლობის კანდიდატებზე გადატანას აპირებდნენ.
თუმცა, კაპიტოლიუმში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი „რესპუბლიკელები“, რომლებიც არჩევნებში მძიმე მარცხსა და შემდგომ ურთიერთბრალდებებს ელოდნენ, ამ არგუმენტებს არ იზიარებენ. მათი თქმით, ყველა დამარცხებული რესპუბლიკელი კანდიდატის „ზარმაცად“ მოხსენიება შეუძლებელია და ტრამპმა და მისმა გარემოცვამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც უნდა აიღონ.





