ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს დაკარგავს, მისი სტრატეგია „მისტერ ვეტოდ“ გადაქცევა იქნება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს დაკარგავს, მისი სტრატეგია „მისტერ ვეტოდ“ გადაქცევა იქნება.
„კარგი, თუ ასე მოხდა, ვფიქრობ, ვიქცევი მისტერ ვეტოდ. მათ [„დემოკრატების“] ინიციატივებს არ გავატარებ“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა New York Post-ის ჟურნალისტ მირანდა დევაინს პოდკასტ Pod Force One-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
პრეზიდენტის თქმით, კონგრესთან დაპირისპირებას საბოლოოდ კომპრომისი უნდა მოჰყვეს: „და შემდეგ, რაღაც მომენტში, ჩვენ სავარაუდოდ შეთანხმებებს დავდებთ. ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც პრეზიდენტს არც წარმომადგენელთა პალატა აქვს და არც სენატი“.
„ისინი კანონპროექტებს გამოგზავნიან, შენ ვეტოს დაადებ და საბოლოოდ, ერთი-ორი თვის განმავლობაში ყველა ინიციატივის დაბლოკვის შემდეგ... მხარეები მაგიდასთან სხდებიან და გარიგებას დებენ. ვფიქრობ, ალბათ ასეც მოხდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ამაზე ფიქრი არ მოგვიწევს“, - დასძინა ტრამპმა.





