Reuters: გერმანიაში Gen Z-ის მიერ ორგანიზებული აქციები ძალადობაში გადაიზარდა
მსოფლიო

Reuters
შაბათს გვიან ღამით, ფრანკფურტში არეულობის ნიღბიანმა მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს - ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ათობით ათასი დემონსტრანტი გერმანიის უდიდესი ქალაქების ქუჩებში უკეთესი განათლებისა და ცხოვრების ხარჯების შემცირების მოთხოვნით გამოვიდა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
ეს აქციები ევროპის მასშტაბით Gen Z-ის მიერ ინიცირებული საპროტესტო ტალღის ნაწილია. გერმანიაში მასშტაბური დემონსტრაციები მოძრაობა Gen Z regelt-ის („Gen Z მართავს“) ორგანიზებით 34 ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ფრანკფურტსა და მიუნხენში გაიმართა.
ახალგაზრდული ჯგუფი სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეწინააღმდეგება და განათლებაში ინვესტიციების გაზრდას მოითხოვს.
გერმანიის საფინანსო ცენტრში, ფრანკფურტში, აქციების ძალადობრივ ფაზაში გადაზრდის შემდეგ, სულ მცირე, ორი მაღაზია გაიძარცვა, რამდენიმე კი სერიოზულად დაზიანდა.
„ძალადობრივი არეულობა გრძელდება. ქალაქის ცენტრში რამდენიმე მაღაზიის ვიტრინებია ჩამსხვრეული. საგანგებო სიტუაციების სამსახურების მისამართით ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებსაც“. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, მოერიდონ ქალაქის ცენტრს ან დატოვონ აღნიშნული ტერიტორია“, - განაცხადა ფრანკფურტის პოლიციამ სოციალურ ქსელ X-ში.
ოფიციალური მონაცემებით, აქციებზე ხალხმრავლობა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ. ფრანკფურტის, მიუნხენისა და ბერლინის პოლიციის ცნობით, ქუჩებში 18 000-მდე დემონსტრანტი გამოვიდა, რაც ორგანიზატორების მიერ დაანონსებული 36 000-ის ნახევარია.
გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შაბათის დემონსტრაციებმა, რომლებიც ჰელოუინის დღესასწაულს დაემთხვა, ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა გააფრთხილა საზოგადოება ექსტრემისტული ჯგუფების მცდელობებზე, ისარგებლონ ამ ახალგაზრდული მოძრაობით.





