Financial Times: დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროპის სახელით ჩაერთონ - სხვა ქვეყნები შიშობენ, რომ მათი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ევროპული ქვეყნები სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე ვაშინგტონი და მოსკოვი მათ გარეშე შეთანხმდებიან. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევზე წნეხის გაძლიერების ფონზე, ევროპელი ლიდერები ვერ თანხმდებიან, როგორ უზრუნველყონ საკუთარი წარმომადგენლობა მოლაპარაკებებში, - იუწყება Financial Times-ი.
ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, ვაშინგტონი და კიევი სულ უფრო მეტად აცნობიერებენ კონტინენტის გადამწყვეტ როლს ნებისმიერი შეთანხმების მიღწევაში, თუმცა ევროპული მთავრობები მოლაპარაკებების პროცესში კვლავ არ არიან ჩართული.
ეს კი აძლიერებს შიშს, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნების გვერდის ავლით შეიძლება შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ პირდაპირ ეხება. მათ შორისაა რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა ნაწილიც შესაძლოა ნატოს გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებდეს.
„სანამ წარმომადგენლის არჩევაზე დავიწყებთ მსჯელობას, ჯერ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალი რანგის ევროპელმა დიპლომატმა. მისი თქმით, პუტინს ევროპის ჩართვა არ სურს. მას ტრამპთან საუბარი უნდა, რათა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს.
„ამასობაში პუტინს სურს, რომ ვნახოთ, როგორ ვეხვეწებით როლს“, - დასძინა დიპლომატმა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ევროპელებს გარკვეულ დონეზე მაინც რთავს პროცესში. ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში გამგზავრებისას და უკან დაბრუნებისას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრსა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს შეხვდა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ევროპული წარმომადგენლობა საჭირო არ არის, - წერს გამოცემა.
ოთხი ევროპელი დიპლომატის განცხადებით, აშშ და უკრაინა მიიჩნევენ, რომ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლის როლი, სავარაუდოდ, ე.წ. E3-მა - დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ უნდა შეასრულოს.
თუმცა, დიპლომატების თქმით, არსებობს რისკი, რომ კონტინენტის სამი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის მიერ მთელი ევროპის სახელით ლაპარაკმა შედარებით მცირე ევროპული სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვიოს.
ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი გასულ თვეში კიევში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეუთანხმდნენ, რომ ევროპული წარმომადგენლობისთვის სწორედ E3 უნდა გამხდარიყო მთავარი ფორმატი.
„თუმცა ამ საკითხზე ევროპელებს შორის უთანხმოება კვლავ არსებობს“, - აღნიშნა მან.





