Euronews: იტალიაში დღეს საპროტესტო აქციები განახლდება - პროფკავშირები ცხოვრების გაძვირებასა და სამხედრო ხარჯების ზრდას აპროტესტებენ
მსოფლიო

ფოტო: AP
იტალიაში პარასკევს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომელთა მასშტაბური გაფიცვა და საპროტესტო აქციები გაიმართება. პროფკავშირები ცხოვრების გაძვირებასა და სამხედრო ხარჯების ზრდას აპროტესტებენ, - იუწყება Euronews-ი.
მოსალოდნელია სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხებაც. ქუჩის საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდებიან.
საჯარო და კერძო სექტორებში საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს პროფკავშირებმა Cobas-მა, Adl-მა, Clap-მა და Sial-მაც. მათი გაფიცვა სატრანსპორტო სფეროს არ მოიცავს.
როგორც Euronews-ი წერს, პარასკევის აქციები საზოგადოებრივი წესრიგისთვისაც გამოცდა იქნება, რადგან სტუდენტები იტალიის ყველა დიდ ქალაქში ქუჩებში გამოსვლას გეგმავენ.
პროფკავშირების განცხადებით, ფასების ზრდის გამო მოსახლეობას სულ უფრო უჭირს აუცილებელი ყოველდღიური ხარჯების დაფარვა. აქციის მონაწილეთა კიდევ ერთი მოთხოვნა სამხედრო დანახარჯების შემცირებაა.
გაფიცვის გამო მოსალოდნელია სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხებაც.





