Reuters: ბულგარეთში Starlink-ის ანტენების დაწვის საქმეზე ორი პირი გერმანიაში დააკავეს - ოფიციალური სოფია მათ ექსტრადიციას ითხოვს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გერმანიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც ბრალად ბულგარეთში Starlink-ის კუთვნილი ანტენების დაწვა ედებათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ახლა გერმანიის სასამართლომ უნდა განიხილოს დაკავებულების ექსტრადიციის საკითხი. მათი ექსტრადიცია ბულგარეთმა უკვე მოითხოვა.
დიუსელდორფის პროკურატურის წარმომადგენლის ცნობით, 19 წლის ეჭვმიტანილები გასულ პარასკევს დააკავეს. ისინი გერმანიის ქალაქ დუისბურგსა და მორსში ცხოვრობენ. ამჟამად ისინი პატიმრობაში რჩებიან, სანამ დასავლეთ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის სასამართლო ბულგარეთის ექსტრადიციის მოთხოვნას განიხილავს.
ბულგარეთის ხელისუფლება მათ სოფიის მახლობლად, ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთით, SpaceX-ის Starlink-ის ანტენების დაწვას ედავება. ბულგარეთის მხარემ მათზე დაკავების ევროპული ორდერიც გასცა.
ბულგარელი პროკურორების ვერსიით, ეჭვმიტანილები ქვეყანაში სერბეთიდან 9 ოქტომბერს შევიდნენ, რამდენიმე საათი დაჰყვეს და შემდეგ სერბეთში დაბრუნდნენ.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან დერმენჯიევმა განაცხადა, რომ ელის ეჭვმიტანილების ბულგარეთის ხელისუფლებისთვის გადაცემას. მისი თქმით, მათ ევროკავშირის კიდევ ერთ წევრ სახელმწიფოშიც ჩაიდინეს მსგავსი ქმედება, თუმცა მინისტრს დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
Starlink-ის სატელიტურ კავშირს უკრაინა ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის ფართოდ იყენებს. გარდა ამისა, უკრაინული დრონების დიდი ნაწილი Starlink-ის მიმღებებით არის აღჭურვილი, რომლებიც მართვისა და ნავიგაციის სისტემებში გამოიყენება, იუწყება Reuters-ი.





