მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა - რუსეთის დედაქალაქის სამ აეროპორტში ფრენები შეიზღუდა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევის გამო მოსკოვის რეგიონში საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დედაქალაქისკენ მიმავალი 166 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა თავდასხმის სამიზნეებისა და გაშვებული დრონების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, 28-29 ოქტომბრის ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქში დრონების მასშტაბური შეტევა მოიგერიეს. მისი თქმით, ადგილობრივი დროით 22:46-დან 00:09 საათამდე რეგიონში 57 დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის თავზე კიდევ 15 დრონი გაანადგურეს.
რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ჩამოგდებული დრონების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ამიტომ უცნობია, რამდენი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა უკრაინამ მოსკოვის მიმართულებით. სობიანინის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებულების ან დაზიანებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დრონების საფრთხის გამო რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ მოსკოვის რეგიონის ოთხი ძირითადი აეროპორტიდან სამში - ვნუკოვოში, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკიში - ფრენებზე შეზღუდვები დააწესა. მოგვიანებით ჟუკოვსკის აეროპორტში შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ვნუკოვოსა და დომოდედოვოში დროებითი შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა.





