ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა „ბნელ ხანას“ განიცდის, ვინაიდან მრავალრიცხოვანი ომები და აშშ-ჩინეთის მეტოქეობა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ანგრევს
მსოფლიო

ალექსანდრ სტუბი
GettyImages
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ევროპა „ბნელ ხანას“ განიცდის, ვინაიდან მრავალრიცხოვანი ომები და აშშ-ჩინეთის მეტოქეობა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ანგრევს.
ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას, სტუბმა აღნიშნა, რომ ცივი ომის შემდგომი პერიოდი დასრულდა. მისი თქმით, მსოფლიო ისეთსავე გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება, როგორც 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას და 1989 წელს კომუნისტური რეჟიმების დამხობისას იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ის ოპტიმიზმისკენ იხრება, ახლა, „სამწუხაროდ, პესიმიზმის საფუძველიც საკმაოდ ბევრია“ - უთხრა მან სტუდენტებს იმ ინსტიტუტში, რომელშიც თავად სტუბი 1990-იან წლებში სწავლობდა.
„გარკვეული გაგებით, მე სწავლა სინათლის ეპოქაში დავიწყე, თქვენ კი სწავლას ბნელ ეპოქაში იწყებთ. ადრე შეგვეძლო გვეთქვა, რომ კაცობრიობის სამი მთავარი მკვლელი - დაავადებები, შიმშილი და ომები - დამარცხებულია. ეს სიმართლე აღარ არის. სინათლემ გზა სიბნელეს დაუთმო“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
„გლობალური უსაფრთხოება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გააკეთებენ დიდი ძლევამოსილი სახელმწიფოები - კერძოდ, აშშ და ჩინეთი. აირჩევენ ისინი თანამშრომლობას თუ დაპირისპირებას?“ - აღნიშნა მან.





