ზელენსკი: უკრაინა მზადაა ნატოში არ გაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ კიევს სხვა გარანტიებს მისცემენ
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Corriere della Sera
უკრაინის ხელისუფლება მზადაა ნატოში არ გაწევრიანების შესახებ მსჯელობა დაიწყოს, თუ დასავლელი პარტნიორები კიევს ალიანსის მსგავს უსაფრთხოების სხვა გარანტიებს შესთავაზებენ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში.
„ჩვენი ჯარი არის რეალური გარანტია და თავისი გამოცდილებისა და პირადი შემადგენლობის მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით მზად არის გააძლიეროს ევროპული ძალები. ნატოში წევრობა ერთიან თავდაცვით ალიანსში მონაწილეობას ნიშნავს, რაც ქვეყანას მოკავშირის იურიდიულ უფლებებს აძლევს. ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირზეა დამოკიდებული, ხოლო ნატოში გაწევრიანება - როგორც ევროკავშირზე, ისე შეერთებულ შტატებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, თუ ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ საუბარი არ არის, მაშინ შესაბამისი ალტერნატივა უნდა არსებობდეს.
„ნატო თუ არა, მაშ, რას გვთავაზობენ სანაცვლოდ? მზად ვართ განვიხილოთ შესაფერისი გარანტიები, თუნდაც სხვა სახელით, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მსგავსი იურიდიული ძალა ექნებათ“, - დასძინა მან.





