რადოსლავ სიკორსკი: ვარშავას უკრაინისათვის გადასაცემი Patriot-ის სარაკეტო სისტემები არ გააჩნია
მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი
ფოტო: Getty Images
პოლონეთს უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების გადაცემის შესაძლებლობა არ გააჩნია, რადგან საკუთარი მარაგებიდან გასაცემი რაკეტები აღარ აქვს, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.
სიკორსკიმ უკრაინისთვის რაკეტების მიწოდების საკითხზე პოლონეთის პოზიცია პოლონეთის პრესის სააგენტოსთან (PAP) ინტერვიუში განმარტა. მისი თქმით, ირანზე თავდასხმების შემდეგ ანტისარაკეტო რაკეტების დეფიციტი კიდევ უფრო გამწვავდა მაშინ, როცა რუსეთი იმაზე მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე უკრაინის პარტნიორებს მათ გასანადგურებლად საკმარისი რესურსი აქვთ.
„ეს რეალური პრობლემაა“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა კვლავ ფლობს Patriot-ის რაკეტების მარაგს, რომელთა უკრაინისთვის გადაცემაც შესაძლებელია, თუმცა პოლონეთი მათ შორის არ არის. ვარშავა მზად არის მხარი დაუჭიროს მოწოდებებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ასეთი რაკეტები აქვთ, უკრაინას მარაგები გაუზიარონ.





