საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი მაღაზიების მძარცველებისთვის მკაცრი სასჯელის გამოტანას მოითხოვს
მსოფლიო

ჟერალდ დარმანენი
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი მაღაზიების ძარცვის ფაქტებზე მკაცრი სასჯელის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
დარმანენის განცხადებით, თუ დამნაშავეებს სათანადოდ მკაცრად არ დასჯიან, „მაღაზიის მფლობელები და ადგილობრივი მცხოვრებლები სამართლის საკუთარი ხელით აღსრულებას დაიწყებენ“.
ლილში ვიზიტისას დარმანენმა განაცხადა, რომ დაჩქარებული სასამართლო პროცედურების ფარგლებში, 800-ზე მეტი ადამიანი წარდგება მოსამართლეების წინაშე.
„ადამიანები, რომლებსაც წარსულში ნასამართლობა არ ჰქონიათ და რომლებიც ციხეში ხვდებიან, ეს უკიდურესად იშვიათია. ფაქტობრივად, ქონებრივი დანაშაულების შემთხვევაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
დარმანენმა მაგალითად ლილის შემოგარენში მაღაზიის ძარცვისთვის დაკავებული სამი ადამიანის საქმე მოიყვანა. 20-დან 25 წლამდე ასაკის სამივე ბრალდებულს, ორშაბათს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მანამდე პოლიციისა და სასამართლო უწყებების ყურადღების ცენტრში არ ყოფილან.





