ანდრეი სიბიგა: ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე პუტინის მიწვევა, მის განდიდების მანიას გააღვივებს
მსოფლიო

ანდრეი სიბიგა
ფოტო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელებისკენ წაახალისებს. სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში სიბიგამ აღნიშნა, რომ პუტინის ადგილი დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის გვერდით არ არის იქამდე, ვიდრე კრემლი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.
„უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შორის ომის უფრო სწრაფად დასრულებას შეუწყობდა ხელს. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა კი, სრულიად საპირისპირო შედეგს მოიტანს: ის პუტინს წაახალისებს, განაგრძოს ეს ომი.
პუტინის მიწვევა ასეთ შეხვედრაზე მხოლოდ გააღვივებდა მის განდიდების მანიას და მიანიჭებდა იმ წონას, რომელსაც არ იმსახურებს. ის მსოფლიო ლიდერი კი არა, ომის დამნაშავეა“, - წერს სიბიგა.
გამოცემა Wall Street Journal-მა დაწერა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ასეთი სამიტის გამართვის ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტმა წამოაყენა. გამოცემა წერს, რომ ამერიკა - რუსეთი-ჩინეთის ლიდერების შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის, რაც მოსკოვის მხრიდან კონფლიქტის მხოლოდ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ დასრულების კიდევ ერთი მცდელობა იქნება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ასეთ შეხვედრებზე საუბრები მართლაც მიმდინარეობს.





