საფრანგეთში საპროტესტო აქციების 400-მდე მონაწილე დააკავეს
მსოფლიო

საფრანგეთში მასობრივი პროტესტის დროს 400-მდე ადამიანი დააკავეს. ცხოვრების გაძვირებისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების წინააღმდეგ გამართულ საყოველთაო აქციებში დაახლოებით 550 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესზე დაყრდნობით ავრცელებს. პროტესტის ორგანიზატორების შეფასებით კი, დემონსტრაციებში მონაწილეობა დაახლოებით 800 ათასმა ადამიანმა მიიღო.
რიგ ქალაქებში პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. სააგენტო AFP-ს ცნობით, მრავალ ადგილას დადასტურდა შენობებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისთვის ცეცხლის წაკიდების, ასევე მაღაზიების ძარცვის ფაქტები. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არეულობაში ბრალდებულ პირთა იდენტიფიცირებისათვის და პასუხისგებაში მისაცემად.
შსს-ს მონაცემებით, პარიზის ქუჩაში დაახლოებით 110 ათასი ადამიანი გავიდა. ქალაქის მერის, ემანუელ გრეგუარის თქმით, ზოგიერთი ქუჩა „მეთოდურად დაარბიეს“, ზარალი კი „უზარმაზარია“.
არეულობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის.





