კლიჩკო ზელენსკის მთავრობას: სად არის საჰაერო თავდაცვა დედაქალაქის დასაცავად? სად არის ენერგოობიექტების დაცვა? სად არის ამისთვის გამოყოფილი მილიარდები?
მსოფლიო

ვიტალი კლიჩკო
ფოტო: Getty Images
უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ქვეყნის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასზე პოლიტიკური წნეხია.
რადაში კიევის მერი ზამთრის სეზონისთვის დედაქალაქის არასათანადო მომზადების საკითხზე ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს.
კლიჩკომ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.
„ყველაფერს ვაკეთებთ დედაქალაქის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მიუხედავად მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაკვრული თავდასხმებისა. სამწუხაროდ, სწორედ ასე გამოიყურება მათ თვალში თანამშრომლობა. გვესმის ცინიკური ბრალდებები გათბობის იმ სეზონის ჩაშლის შესახებ, რომელიც ჯერ არც კი დაწყებულა. შეგიძლიათ მესამე მსოფლიო ომის დაწყებაც კლიჩკოს დააბრალოთ, მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ეს კითხვები აქვს. სად არის საჰაერო თავდაცვა დედაქალაქის დასაცავად? სად არის ენერგოობიექტების დაცვა? სად არის ამისთვის გამოყოფილი მილიარდები?“ - განაცხადა კლიჩკომ.





