BBC: თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ოპოზიციური ტელეარხის შენობა გაჩხრიკა - მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკადრი
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის მხარდამჭერი ტელეარხის Halk TV-ის სათავო ოფისში ჩხრეკა ჩაატარა, რის შედეგადაც არხმა პირდაპირი ეთერი შეწყვიტა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Halk TV-ის განცხადებით, ოთხშაბათს დილით სტამბოლში მდებარე შენობაში თანამშრომლებს შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ტელეარხის სამართავად კი ახალი მმართველი დაინიშნა.
თურქული მედიის ცნობით, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიცია შენობაში ჩხრეკას ატარებდა, რეიდის დროს კი 11 ადამიანი დააკავეს. ოპერაცია ტელეარხის მფლობელთან დაკავშირებულ საქმეს უკავშირდება.
Halk TV თურქეთში ოპოზიციურ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიასთან“ (CHP) დაახლოებულ მედიასაშუალებად მიიჩნევა. ტელეარხი ხშირად აკრიტიკებს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ (AKP).
თურქული მედიის ინფორმაციით, პროკურატურამ 17 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. საქმე Halk TV-ის ხელმძღვანელის ჯაფერ მაჰიროღლუს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, რომელიც ქრთამის აღების, ტენდერების გაყალბებისა და ფულის გათეთრების სავარაუდო ფაქტებს ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს მაჰიროღლუ ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეარხი „თურქ ხალხს ეკუთვნის. მისი ჩამორთმევა და დროებითი მმართველისთვის გადაცემა დაუშვებელია“.
BBC-ის ცნობით, მაისში თურქეთის სასამართლომ „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) ხელმძღვანელობა პოლიტიკური გაერთიანების მართვას ჩამოაშორა. ოპოზიციის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ ერდოღანის ძალაუფლება კიდევ უფრო გაამყარა.





