პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან „ენერგეტიკულ ზავზე“ კონსულტაციები გრძელდება
მსოფლიო

დმიტრი პესკოვი
ფოტო: TASS
კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინასთან ე.წ. ენერგეტიკულ ზავთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, კონსულტაციები კვლავ გრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „კონტაქტები გრძელდება“.
„როგორც კი ამ საკითხზე ინფორმაცია გვექნება, აუცილებლად შეგატყობინებთ“, - დასძინა მან.
პესკოვმა არ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ ვისთან მიმდინარეობს კონტაქტი - აშშ-სთან, უკრაინასთან თუ ორივე მხარესთან და განაცხადა, რომ „ამ საკითხზე დასამატებელი არაფერი აქვს“.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა უკრაინის საჭიროებას 60-დღიან ზავზე არჩევნების ჩასატარებლად, პესკოვმა მხოლოდ გაიმეორა, რომ რუსეთს არა დროებითი ზავი, არამედ „გრძელვადიანი მშვიდობა“ სურს. „მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“, - განაცხადა მან.
11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა.





