ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია
მსოფლიო

დონალდ ტრმაპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ნავთობსადენი საუდის არაბეთისთვის ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, რომელიც ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ნავთობის გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა.
„ვფიქრობ, ისინი არიან. ალბათ, ისინი არიან“, - უთხრა ტრამპმა დუბლინში ჟურნალისტებს, როდესაც მათ ჰკითხეს, იყო თუ არა ირანი მნიშვნელოვანი ნავთობსადენის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს ესაუბრა და მას „კარგი მეგობარი“ უწოდა.
ტრამპის თქმით, ირანთან დაახლოებული იემენელი „ჰუსიტები“ მის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ და მიანიშნეს, რომ არ სურთ, შეერთებული შტატები კონფლიქტში პირდაპირ ჩაერთოს.
„მათ ბევრად ურჩევნიათ, ჩვენ არ ჩავერთოთ და გემების უმეტესობას ატარებენ. არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომლითაც ისინი დიდად კმაყოფილნი არ არიან და ამასაც მოვაგვარებთ“, - დასძინა ტრამპმა.





