ბერლინის ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო
მსოფლიო

ბერლინი
ცნობას სააგენტო Reuters-ის Amaq-ის მებრძოლების საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ტერორისტების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერლინში თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” ჯარისკაცმა მოაწყო.
უფრო ადრე გაჩნდა ცნობა, თითქოს ამ საქმეში ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. თვითმხილველებმა ვერ ამოიცნეს სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ხალხის მასაში შეიჭრა, ამიტომ დაკავებულს ვერ დაუმტკიცეს, ნამდვილად ის იჯდა თუ არა მანქანაში.
გავრცელდა ინფორმაცია მთავარი ეჭვმიტანილის სავარაუდო ვინაობის შესახებაც, რომ ის 23 წლის პაკისტანელია. დღისით გერმანული მედია სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სინამდვილეში ის უდანაშაულოა, რომ შეცდომით დააკავეს, ხოლო ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია და შეიარაღებული.
19 დეკემბერს, ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. გერმანიის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.





