ვინ არის მევლუთ მერტ ალტინტაში
მსოფლიო

Reuters
თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდამსხმელი 22 წლის პოლიციის ოფიცერი მევლუთ მერტ ალტინტაშია. ის ანკარაში მსახურობდა. მანამდე კი იზმირში პოლიციის სკოლა დაამთავრა. ინფორმაციას Haberturk ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი თითქოს ორგანიზაცია FETO-ს წევრი იყო, რომელიც თურქეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა ფეთხულა გიულენმა შექმნა.
თურქული საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, რომ ალტინტაში პოლიციიდან 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს.
თავდამსხმელზე ინფორმაციას თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-იც ავრცელებს.
რუსული მედიის ვერსიით, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში თავდამსხმელმა პოლიციელის საბუთით შეაღწია. თვითმხილველები ჰყვებიან რომ ცეცხლის გახსნისას თავდამსხმელი ყვიროდა: “არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!”
“რია ნოვოსტი” თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩზე თავდასხმის წინ დარბაზში უცბად გაისმა შეძახილი: “ალაჰ აკბარ!”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და განაცხადა, რომ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს.





