ბორჯომში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა
კულტურა

ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო
ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საკონცერტო დარბაზში, პროექტ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში, პიანისტმა გიგი პიანომენმა კონცერტი გამართა.
მუსიკოსმა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.
პროექტ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტი თამარ ლიჩელი. პროექტი 2024 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ასევე საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას.
საკონცერტო სერიის დასკვნითი გალა-კონცერტი 12 ნოემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომი ამ დღეებში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და პიანისტთა XIV საერთაშორისო კონკურსსაც მასპინძლობს. კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტი თამარ ლიჩელი.
ფესტივალის ფარგლებში იმართება მასტერკლასები და შეხვედრები ახალგაზრდა მუსიკოსებთან, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
კონკურსის დასკვნითი ღონისძიება 25 ოქტომბერს გაიმართება. გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც საპატიო დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცემათ.
პროექტ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, თბილისის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.





