მიხეილ სარჯველაძე: დიუშენისა და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება
ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით უნდა ვთქვა და მშობლებმაც აღნიშნეს, ერთ-ერთი პირველი ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი ევროპული ქვეყანა ჯერჯერობით თავს იკავებს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ ორი მედიკამენტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პროცესს ხელი შეუწყო დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის სრულყოფის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ მაისის ბოლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც.
„ეს ის მედიკამენტებია, რომლებზეც პირველად, როდესაც ამ თემაზე საჯაროდ გავმართე ბრიფინგი, ვილაპარაკე და მაშინვე ვთქვი, რომ ორი მედიკამენტი იყო, რომელთა შეძენაზეც გადაწყვეტილების მიღება პერსპექტიულად გამოიყურებოდა.
სხვათა შორის, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს ამავე მედიკამენტებზე - ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე გადაწყვეტილება იმხანად მიღებული არ ჰქონდა. მაისის ბოლოს NICE-მა მიიღო გადაწყვეტილება, რამაც, რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიხსნა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებების მიღება უფრო გაგვიმარტივა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტების შეძენის გარდა, მნიშვნელოვანია პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, მკურნალობის სწორად დაგეგმვა და მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება.
ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეც ილაპარაკა. აღნიშნა, რომ ინოვაციური პრეპარატის გაცემა, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფომ შეიძინა, უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„პარალელურად, როდესაც დიუშენის სინდრომზე დავიწყეთ მუშაობა, მე რაც მივედი სამინისტროში, ძალიან სწრაფად დაიძრა საკითხი ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებითაც. იქაც საკმაოდ დიდი სამუშაო და შრომა გავწიეთ. ბუნებრივია, როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ ამის შეძენის ობიექტური წინაპირობები და საჭიროება არსებობდა, გადაწყვეტილება არ გადაგვიდია და მივიღეთ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





