www.imedi.ge
100 წლის ტომ მურს, რომელმაც ბრიტანელი ექიმებისთვის ათობით მილიონი შეაგროვა, კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ტომ მური
ფოტო: PA Media
კაპიტან ტონ მურს, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ბრიტანელი ექიმებისთვის 37 მილიონი დოლარი შეაგროვა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 100 წლის ვეტერანი ბედფორდის ჰოსპიტალში მკურნალობს, მას სუნთქვა უჭირს. მურის ქალიშვილის თქმით, გასულ კვირას კაპიტანს პნევმონია ჰქონდა. ოჯახი ასევე განმარტავს, რომ მურს COVID-19-ის ვაქცინა ჯერ არ მიუღია, რადგან ის არ ესადაგებოდა მედიკამენტებს, რომლებსაც ის პნევმონიის სამკურნალოდ იღებდა.
მურს გამოჯანმრთელება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უსურვა.
კაპიტანმა ტომმა, როგორც მურს ეძახიან, მსოფლიოს ყურადღება ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში მიიპყრო, როცა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის თანხების შეგროვების შესახებ განაცხადა. შემდეგ კი ბრიტანელ ტენორ მაიკლ ბოლთან და მედიკოსების გუნდთან ერთად სიმღერა You'll Never Walk Alone შეასრულა, ბრიტანული მუსიკალური ჩარტის ყველაზე ასაკოვანი ლიდერი გახდა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. 100 წლის იუბილე მას თავად დედოფალმა მიულოცა. გაწეული სამსახურის გამო ბრიტანეთის დედოფალმა ტომას მური რაინდად აკურთხა.





