მამა შალვამ მრევლს მოუწოდა, ტაძარში ნიღბების გარეშე ნუ მივლენ
ჯანდაცვა

დეკანოზი შალვა კეკელია
ფოტო: Facebook
„იციან, რომ შეიძლება ჟურნალისტს დაემართოს ეს სენი და მზად არიან ეს ჟურნალისტები გაწირონ და მოკლან. ეს ადამიანები ჩვენ მკვლელებს გვეძახიან“, – ამის შესახებ დიდი ხუთშაბათის წირვაზე ქადაგებისას თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.
მამა შალვამ მრევლს მოუწოდა, ტაძარში ნიღბების გარეშე ნუ მივლენ. უნდა გამოიჩინონ დიდი გულისხმიერება, რადგან დიდი ბრძოლაა ეკლესიის წინააღმდეგ.
მამა შალვა კეკელიამ ისაუბრა ჟურნალისტებზე და განაცხადა, რომ მას არასდროს უნახავს, ჟურნალისტებს დისტანცია დაეცვათ.
„ძალიან დიდი ბრძოლა არის ეკლესიის წინააღმდეგ. ძალიან დიდი გეგმა აქვთ, რომ ეკლესიას შეუტიონ, ეკლესიას დაარტყან. გვესმოდა ჩვენ გუშინ ჟურნალსიტებისგან, როდესაც მამა ანდრია ჯაღმაიძე ინტერვიუს აძლევდა, ჟურნალისტები ერთად როგორ იყვნენ შეკრებილები, არანაირ დისტანციას არ იცავდნენ. სიტყვა რომ მოესმინათ, ყველაფრისთვის მზად იყვნენ. იმიტომ კი არა, რომ ასე უნდათ ამ ჟურნალისტებს, არამედ იმიტომ, რომ მათი უფროსები ასე ავალებენ ამ ადამიანებს. თუ იცი, რომ ასეთი მძიმე ვირუსია, ტელევიზიის ხელმძღვანელი როცა ხარ, როგორ სწირავ ამ ჟურნალისტს დაავადებისთვის? მე ბევრ ჟურნალისტთან და ოპერატორთან მაქვს შეხება და გულისტკივილით მესაუბრებიან. მამაო, თუ ახლა ინტერვიუზე არ წავალ, ოჯახი სარჩენი დამრჩებაო და ასე ხელფასს არ აძლევენ. ჟურნალისტმა, რომ თქვას, მეშინია და არ გავალ გადაღებაზეო, ხომ არის ტელევიზიები, ყველაზე მეტად გვიტევენ ამ თემასთან დაკავშირებით, ეს ხელმძღვანელები სხედან ტელევიზიაში მარტო და მარტო ესაუბრებიან, სამსახურში კი არ დადიან. ჟურნალისტები ჰყავთ გამოშვებული სასაკლაოზე, რადგან ეს დაავადება არის სიკვდილისთვის. თუ ადამიანი შეიძლება მოკვდეს, ამ ჟურნალისტებს რატომ უშვებენ ქუჩაში? ეს ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები როგორ არ ეცოდებათ? დატოვონ სახლში და აბა ხელფასი მისცენ ისე. გაუფრთხილდნენ ამ ადამიანებს, ისინი მერე სახლში მიდიან თავიანთ ოჯახის წევრებთან. ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ და შემდეგ სახლში ვბრუნდებით. ჟურნალისტები ყველგან დადიან. ეს არავის აინტერესებს. ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს და იცით რატომ? ჟურნალისტები ჰყავთ 10-10 კაცად. 10-კაციანი ჯგუფებია. ერთ ადამიანს რომ შეემთხვეს ეს სენი, შემდეგ იმ 10 კაცს კარანტინში გაუშვებენ და მეორე 10 კაცს ამუშვებენ. ანუ, მათ იციან, რომ შეიძლება ჟურნალისტს დაემართოს ეს სენი და მზად არიან, ეს ჟურნალისტები გაწირონ და მოკლან. დღეს ეს ადამიანები მკვლელებს გვეძახიან ჩვენ. ადამიანები, რომლებიც საკუთარი თანამშრომლებს სწირავენ და გაწირული ჰყავთ ამ სიკვდილისთვის. ისინი დისტანციას საერთოდ არ იცავენ“, - განაცხადა მამა შლვამ.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 77 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





