დარეჯან ჩხიკვაძე
სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ქუჩების მორეცხვა გრძელდება
ჯანდაცვა

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ქუჩების მორეცხვა გრძელდება.
მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულს, თამარისა და ბარცხანის დასახლებებს. სპეციალური ხსნარით დამუშავდა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები.
მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გაეცნო.
სამუშაოებს შპს „სანდასუფთავებისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. საპრევენციო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურად დეზინფექცია უტარდება ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიებს.
საქართველოში კორონავირუსი 272 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





