კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გამოჯანმრთელდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
პაციენტი საავადმყოფოში 18 დღის წინ შეიყვანეს და მას ფილტვისა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი ჰქონდა, იმყოფებოდა ხელოვნურ ვენტილაციაზე, ასევე აღენიშნებოდა თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, თუმცა პაციენტი უკვე მოხსნეს აპარატიდან.
პროტოკოლის მიხედვით, ორჯერადად უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ქალი დღეს პალატაში გადადის, რამდენიმე დღეში კი, კლინიკიდან გაეწერება.
საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 63 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 405 მოქალაქე რჩება. კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





