დიმიტრი პესკოვი: კორონავირუსის გამო სიტუაცია მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში საკმაოდ დაძაბულია
ჯანდაცვა

დიმიტრი პესკოვი
ფოტო:shutterstock.com
კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოსკოვის კლინიკები ავარიულ რეჟიმში მუშაობენ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„სიტუაცია მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, (უმეტესად მოსკოვში) საკმაოდ დაძაბულია. იმიტომ რომ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება და პაციენტების ნაკადი კლინიკებში მაღალია. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვში ექიმები დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ, გმირულ ავარიულ რეჟიმში“, - აცხადებს პესკოვი.
მისი განცხადებით, რუსეთში კორონავირუსის პიკი რამდენიმე კვირაში დადგება.
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1667 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 13 584-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 106 კი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები რუსეთის 82 რეგიონშია დაფიქსირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





