ანა შეპკინა
ბოლო 24 საათის განმავლობაში გორის ცხელების ცენტრს 10-მა პაციენტმა მიმართა
ჯანდაცვა

ფოტო: ანა შეპკინა
„გორმედის“ ცხელების ცენტრებს დღე-ღამის განმავლობაში 12-მა პაციენტმა მიმართა. გორში 10 პაციენტიდან გამოკვლევის შემდეგ 8 ბინაზე გაეწერა, 2 კი სტაციონარში რჩება. ხაშურის ცენტრს 2-მა პაციენტმა მიმართა, სტაციონარული მკურნალობის მიუხედავად არც ერთ მათგანს COVID 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.
ბოლო 24 საათში ლუგარის ლაბორატორიაში 1 ნიმუში გაიგზავნა და მისი პასუხი უარყოფითია. გორმედის ქსელის ქოლ ცენტრში 14 ზარი შევიდა, კვალიფიციურ კონსულტაციას მოქალაქეებს გადამზადებული ექიმები უწევენ. ამისთვის 8 ოჯახის ექიმმა სპეციალური ტრენინგი გაიარა.
საქართველოში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





