მამა შალვა: ვისაც გინდათ, ეკლესიას თანხა შესწიროთ, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნეთ
ჯანდაცვა

ფოტო: Facebook
ვისაც გინდათ, რომ ეკლესიას თანხა შესწიროთ, შეგიძლიათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნოთ. ძალიან ბევრი ქართველი უმძიმეს მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი შალვა (კეკელია) მრევლისადმი ქადაგებაში ამბობს.
„ახლა მიცვალებულთა შაბათი უწევს. მრევლთან რამდენიმე თხოვნა მექნება. საკურთხის, საჭმლის მოტანა არ გინდათ. რადგან ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და შეგიძლიათ ეს საკვები მათ მისცეთ. არიან მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი ოჯახები და თუ თქვენი მიცვალებულისთვის სიკეთის გაკეთება გინდათ, საჭმლის მოტანა აუცილებელი არ არის, მათ დაურიგეთ. ვისაც გინდათ, რომ ეკლესიას თანხა შესწიროთ, შეგიძლიათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნოთ. ძალიან ბევრი ქართველი უმძიმეს მდგომარეობაშია. ბევრი მათგანი სამსახურის გარეშე დარჩა. საშუალება არ აქვთ. ძალიან ბევრი გვწერს უცხოეთიდან, რომ თანხის გარეშე დარჩნენ. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს თანხის შეწირვა გინდათ, უცხოეთში მყოფ ქართველებს გაუგზავნეთ. თუ ვისმეს თანხის შემოწირვა გინდათ და თქვენი მიცვალებულის სულის საოხად ეს სიკეთე გააკეთოთ, ამიტომ გთხოვთ, ეს თანხა ამ ადამიანებს ჩაურიცხოთ“, - აცხადებს მამა შალვა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4505 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





