ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია
ჯანდაცვა

ლევან რატიანი
ფოტო: Google
გუშინ, ჩვენს კლინიკაში, მარნეულიდან შემოვიდა ახალშობილი კრიტიკულ მდგომარეობაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
მისი თქმით ახალშობილის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილური და გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას.
„დაავადების გართულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ახალშობილის დედის შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირება დადასტურებული არ არის. თავად ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





