ირაკლი კობახიძე საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს
ჯანდაცვა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
ტენდენციას უნდა დავაკვირდეთ და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „პოსტ-ტვ-ს“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა და პარლამენტი პრეზიდენტის დეკრეტის ტექსტის შედგენაზე ერთობლივად მუშაობდნენ, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეზღუდვები უფრო გამკაცრდება.
„თითოეული ეს შეზღუდვა სათითაოდ გავიარეთ. მთავრობას კონკრეტულ შემთხვევებში ეძლევა დამატებითი შეზღუდვების დაწესების საშუალება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, ერთი, გლობალურ ტენდენციებზე და მეორე, იმ ტენდენციებზე, რომლებსაც ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში. ხელისუფლებაზე, ჯანდაცვის სისტემაზე, სამწუხაროდ არ არის დამოკიდებული ის, თუ როგორი იქნება ტენდენცია. ტენდენციაზე ძალიან ბევრმა ფაქტორმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა. შესაბამისად, ამ ტენდენციას ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები. ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ საჭირო გახდეს უფრო მკაცრი ზომების მიღებას, თუმცა ეს გადაწყვეტილება იქნება დაკვირვების საფუძველზე მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





