პაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ სფეროებზე იხარჯება
ეკონომიკა

პაატა კვიჟინაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ სფეროებზე იხარჯება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე, რომელზედაც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.
თანამომხსენებელმა პაატა კვიჟინაძემ, ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ, დეტალურად განმარტა, სად და როგორ დაიხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი. მისი თქმით, რომ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის გაზრდა ვერ მოხერხდებოდა.
„2026 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 3.2 მილიარდი ლარით იზრდება, თუ არ გავითვალისწინებთ ევრობონდების რეფინანსირებას. ხშირად კითხულობენ, თუ რას გვაძლევს ეს ეკონომიკური ზრდა. სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა ბიუჯეტი 3 მილიარდ 200 მილიონი ლარით. რომ არ ყოფილიყო ეკონომიკური ზრდა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც ახლა საფრანგეთსა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება.
2027 წლის ბიუჯეტში სოციალური გასაცემი თანხები ასე ნაწილდება: პენსიები - 685 მილიონი ლარი, პენსიასთან გათანაბრებული შშმ პირები, მაღალმთიან რეგიონებში პენსიები და დაგროვებითი საპენსიო სისტემა - 60 მილიონი ლარი. სულ საპენსიო კუთხით 834 მილიონი ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება ხელფასებს, საჯარო სექტორში ზრდა 700 მილიონი ლარია. ეს ზრდა ძირითადად შეეხება ძალოვან უწყებებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ასე შემდეგ. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე 155 მილიონი ლარი დაიხარჯება, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე - 243 მილიონი ლარი, მოხუცებსა და ბავშვებზე ზრუნვაზე - 34.5 მილიონი ლარი. სულ ამ სფეროებში მილიარდ 965 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
გარდა ამისა, ასევე სოციალური კუთხით მიიმართება სხვა თანხები. მაგალითად, საავადმყოფოების მშენებლობა 65 მილიონი ლარით დაფინანსდება, უმაღლესი განათლება - 70 მილიონი ლარით, სპორტის განვითარება და ინფრასტრუქტურა - 165 მილიონი ლარით. ეს დამატებით კიდევ 300 მილიონამდე ლარია.
ბიუჯეტის დამატებული რესურსის დაახლოებით 70% პირდაპირ სოციალურ სფეროებზე დაიხარჯება. დანარჩენი 30% ისევ საზოგადოების საჭიროებებზე ნაწილდება. მაგალითად, რკინიგზის განვითარება დაფინანსდება 250 მილიონი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მომსახურება და გაუმჯობესება 133 მილიონი ლარით, აგრარული პროგრამები - 70 მილიონი ლარით, მელიორაცია - 70 მილიონი ლარით, გაზის საბადოების კვლევა-ძიება - 90.3 მილიონი ლარით“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი და გადამუშავებული ვარიანტები განიხილა. სხვადასხვა კუთხით გაიცა 25 რეკომენდაცია. ეს შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ სფეროებს, თავდაცვას და ასე შემდეგ. მისი თქმით, მთავრობამ სრულად გაითვალისწინა 20 რეკომენდაცია, 5 - ნაწილობრივ.





