ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე: 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომლებიც პარლამენტის მხრიდან იყო გამოთქმული საკომიტეტო მოსმენების დროს
ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომლებიც პარლამენტის მხრიდან იქნა გამოთქმული საკომიტეტო მოსმენების დროს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, დოკუმენტში ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით, ასევე გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება.
„ჯამში, 2027 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილი არ არის, თუმცა ასახულია პარლამენტის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, მათ შორის ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით. დაახლოებით იმავე პროცენტული მაჩვენებლით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია, როგორც 70 წელზე მეტი ასაკის პირთა პენსია. ამავდროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც და ისევე, როგორც 70 წლამდე პირთა პენსია, ინდექსაციის მიღმა იზრდება. ამ მიმართულებებით, ჯამში, 150 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა ამისა, გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება. მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის ნაცვლად, კომპენსაციების თანხის გამოყოფას. ამ მხრივ 2026-2027 წლებში, ჯამში, 300 მლნ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, დამატებითი რესურსები გამოიყო თავდაცვისა და პოლიციის სფეროში. ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ინიციატივების დაფინანსება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
როგორც მან აღნიშნა ორშაბათს პარლამენტში, დარეგისტრირდება 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.
„ეს არის 2027 წლის ბიუჯეტის, გარკვეულწილად, შემავსებელი დოკუმენტი. ჩვენ წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი, რაც დამატებით შემოსავლებს გვაძლევს. დამატებითი რესურსი გამოყენებულ იქნა, ერთი მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, მეორე მხრივ, იმ საჭიროების დასაფინანსებლად, რაც წლის განმავლობაში გამოიკვეთა. ამავდროულად, გარკვეული რესურსები გამოიყო იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მომდევნო წელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.





