წილოსანი: ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე
ეკონომიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: ვიდეოკადრი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, კორექტირებული ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით დაიგეგმა და მაქსიმალურად არის მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
მისივე თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური დახმარებები, პენსიები და ჯანდაცვის პროგრამები, ხოლო მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ყოველწლიურად აისახება საბიუჯეტო პროექტში.
„ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს. კორექტირებული ბიუჯეტი გულისხმობს მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით ბიუჯეტის მაქსიმალურად ადამიანებზე მორგებასა და დაგეგმვას. შესაბამისად, იქნება ეს სხვადასხვა სოციალური დახმარება, პენსიები თუ ჯანდაცვის პროგრამები, ყველაფერი მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კორექტირებულ ვერსიაში.
საკომიტეტო განხილვები, რა თქმა უნდა, გულისხმობს დეტალურ განხილვას, თუ რა არის მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული. თუმცა ყველა პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკაშია, ყოველ ჯერზე, რა თქმა უნდა, აისახება ბიუჯეტის პროექტში“, — აღნიშნა წილოსანმა.





