ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში
ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციასთან დაკავშირებით.
ნადარეიშვილის თქმით, აქედან მნიშვნელოვანია, რომ 2/3 იქნება ახალი სფეროები, რომლებითაც დღეს სახელმწიფო არ იყო ისე აქტიურად წარმოდგენილი.
„დაახლოებით 90 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, როგორც მოგახსენეთ. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში. აქედან მნიშვნელოვანია, რომ 2/3 იქნება ახალი სფეროები, რომლებითაც დღეს სახელმწიფო არ იყო ისე აქტიურად წარმოდგენილი. მაგალითად, თუ დღეს ვამბობთ, რომ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა სააგენტომ სასტუმრო სექტორის განვითარებაში, სადაც 500 სასტუმროზე მეტია პროგრამის ფინანსური კომპონენტით ნასარგებლები, ჩვენ ათ წელზე უფრო ხანმოკლე პერიოდში ვიტყვით, რამდენად გაიზარდა კაპიტალის ბაზრის წილი ჩვენს საფინანსო სექტორში. ამოცანა გვაქვს, რომ დაახლოებით 40% გახდეს კაპიტალის ბაზრის წონა მთლიან ფინანსურ სექტორში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი მიმართულებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკური ზრდის, ექსპორტისა და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სფეროებში“, - აღნიშნა მან.




