ირაკლი ნადარეიშვილი: ექსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის განვითარების მხრივ. შემუშავებულია მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევა
ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილ
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ექსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მხრივ, არამედ ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის. შემუშავებულია მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები და მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
მან უპასუხა კითხვას - რა იგეგმება იმისთვის, რომ საჯარო სერვისები რეგიონებში სრულფასოვნად იყოს მიწოდებული, ასევე ის ცენტრები, რომლებიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში არსებობდა, გაფართოვდება, მოდერნიზდება?
„გარკვეულ ეტაპზე, როდესაც პირველადი ფინანსური საჭიროება გარკვეულ ეტაპამდე მივიყვანეთ, მკაფიოდ დავინახეთ ბიზნესის წარმართვის კომპეტენციის საჭიროება, განსაკუთრებით, რეგიონებში და შევქმენით ცენტრები, სადაც თავი მოვუყარეთ კერძო სექტორის საუკეთესო საკონსულტაციო კომპონენტს, რომელსაც ვაკავშირებთ მცირე და საშუალო ბიზნესთან იმისთვის, რომ, მაგალითად, ბიზნესი გაციფრულდეს, მიიღოს კონსულტაცია და რეალური მხარდაჭერა მარკეტინგის, ბრენდინგის, გაყიდვების კუთხით. გაციფრულება არის ერთ-ერთი მაღალმოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით.
არაფერი მითქვამს ექსპორტზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მხრივ, არამედ ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, შემუშავებულია მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები და მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევა“, - აღნიშნა მან.
მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა კითხვას - სრულად სარგებლობენ თუ არა ბიზნესით დაინტერესებული ადამიანები იმ შესაძლებლობებით, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს?
„მეწარმეობა არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს იდეა, შესაძლოა გარკვეული რესურსიც ჰქონდეთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხშირად არ არის მარტივი. ცენტრების ამოცანაა სწორედ, რომ დაეხმაროს, მათ შორის პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მაგალითად, არის ასეთი სერვისი, როდესაც ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა იმ რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან ურთიერთობაში, პოტენციურ მომხმარებელთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას მეწარმეებისთვის“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.




