ვახტანგ ცინცაძე: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 7%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე
ფოტო: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2,6-ჯერ აღემატება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება გარდა საქართველოს ეკონომიკაში არსებული დადებითი ტენდენციებისა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ზრდის მიმართულებით გადახედილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. აზიის განვითარების ბანკი თავის გამოცემაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეკონომიკამ მოლოდინებს გადააჭარბა და რეალურად აღნიშნული იმ რეფორმების შედეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის, უნდა აღინიშნოს რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში, რომლებმაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგი მოიტანა“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მსოფლიო ბანკის მიერ ზრდის მიმართულებით განახლებულ პროგნოზზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აქტიურ ფაზაშია გადასული და რაც, მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.
„საქართველოს მთავრობას გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისკენ და საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაზე“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.





