გიორგი კაკაურიძის თქმით, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ზომები მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება
ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე
ფოტო: IMEDI
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს სრულად დაუკომპენსირებს იმ შემოსავალს, რაც მანამდე ჰქონდა, თუმცა მნიშვნელოვნად მიეხმარება იმ კრიზისული პერიოდის გადავლაში, რასაც საგანგებო მდგომარეობა და მისი შემდგომი პერიოდი ჰქვია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება მოქალაქეების კუთხით დახმარებას, ყველაზე დიდი და მსხვილი პაკეტი არის ეს და 2 კომპონენტისგან შედგება. ერთი, რომ მივეხმაროთ კომპანიებს იმაში, რომ მათ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიანარჩუნონ, რისთვისაც ჩვენ ვაკეთებთ მომდევნო 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლებას. ეს არის ყველა ადამიანი, რომლის ხელფასიც არის 1500 ლარამდე, 750 ლარზე არ გადაიხდიან საშემოსავლოს. ეს ეხება კერძო სექტორს. რა თქმა უნდა, საჯარო უწყებებში დასაქმებულებს ეს არ შეეხება, ვინაიდან მათთვის ხელფასი შენარჩუნებულია და არ არიან რისკის ქვეშ, რომ დატოვონ სამსახურები. შესაბამისად, კერძო სექტორისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება, რომ შეინარჩუნონ კადრები. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია სავარაუდოდ ვერ შეძლებს მაინც კადრების სრულად შენარჩუნებას, ჩვენ გვაქვს მეორე მიმართულება აქ. იმ ადამიანებისთვის, ვინც უმუშევარი დარჩება 1200-ლარიანი პაკეტია განსაზღვრული, რომელსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. ეს მათთვის გარკვეული დახმარება იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარადგინა.



