საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ხალიდ მოჰამედ ბალამამ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ ცენტრალურ ბანკს შორის ფინანსური და საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერებას, ცენტრალური ბანკინგის სფეროში ინფორმაციისა და ექსპერტიზის გაცვლას და ორივე ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერას.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების ხელშეწყობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებასა და ერთობლივი კვლევების ჩატარებას.
ნათია თურნავამ არაბ კოლეგას საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მიღწევები, სექტორის მდგრადობისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები გააცნო. ასევე ესაუბრა ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მასშტაბურ განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) განვითარებაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური სექტორის განვითარების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
„ეს მემორანდუმი ქმნის საფუძველს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ცენტრალური ბანკინგის, ზედამხედველობისა და ფინანსური ტექნოლოგიების მხრივ ექსპერტიზის გაცვლისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც იგი გვთავაზობს შესაძლებლობების განვითარებისა და საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების გამარტივებასა და ორივე ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ხალიდ მოჰამედ ბალამამ აღნიშნა, რომ მემორანდუმი ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. შეხვედრების ფარგლებში განიხილება გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.




