გურამ დადიანიძის საქმე
შსს-ს ინფორმაციით, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც დადიანიძის დედა, ისე ადვოკატი. განთავსება კი ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა. ნომერი „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა იყიდა, სტატუსი კი ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა გამოაქვეყნა. ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე სხვადასხვა აპლიკაციაც გაააქტიურეს. შსს მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.












