COVID 19-ის ვაქცინა და საზოგადოების განწყობა
მსოფლიო ლიდერები კოვიდპანდემიის დაძლევის ერთადერთ ეფექტიან გზად მასშტაბურ ვაქცინაციას მიიჩნევენ, მისი უსაფრთხოების სადემონსტრაციოდ კი პირდაპირ ეთერში იცრებიან. ერთ-ერთი პირველი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო. პირდაპირ ეთერში გაიკეთა კოვიდვაქცინის მეორე დოზა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც. რიგს ელიან ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი. გერმანიის კანცლერი მოსახლეობის სრულად უზრუნველყოფას ზაფხულის ბოლოსთვის ვარაუდობს. ვაქცინის მიმართ ნდობის გასამყარებლად პირდაპირ ეთერში აცრას აპირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიც. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველო თებერვლის ბოლოს ელის. ქვეყანაში მხოლოდ ის ვაქცინა შემოვა, რომლის სანდოობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს. პირველები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები არიან. მსოფლიო თანხმდება, რომ ეს ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალია, თუმცა საქართველოში საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით კამპანიას აქტიურად აწარმოებს.

სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები