კახა კალაძე: ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანის გარდა, მიწების მიტაცებით და შემდეგ შენობა-ნაგებობის განთავსებით ხელს ბევრი არაგაჭირვებული ითბობს
როდესაც ხდება მიწების გატაცება ბევრი არის მართლაც სოციალურად დაუცველი, ვისაც მართლა ძალიან უჭირს, მაგრამ ასევე ადამიანები, ვინც მიწების მიტაცებით, შემდეგ შენობა ნაგებობის განთავსებით ხელს ითბობს. ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე და თუ ვინმეს ჰქონია, რომ ვერ მივაგნებთ და არ გამოიკვეთება ის ადამიანი, ან ადამინების დაჯგუფება, ძალიან ცდებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გუშინ ძალიან მძიმე იყო მამა-შვილის ფოტო, თავს შევიკავებ და მათ სახელს და გვარს არ დავასახელებ, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ამასთანავე ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, ეს ყველაფერი ხდებოდა მიზანმიმართულად, ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტევა, რომ თითქოს ჩვენ ამ მამა-შვილს საცხოვრებელი სახლი დავუნგრიეთ, რაც არის დიდი ტყუილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბინას ჩუქნის თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. მერიაში განმარტავენ, რომ არც ერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და რა თქმა უნდა, მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ.