ბრიფინგი "ქართული ოცნების" ოფისში
„როდესაც საუბარია ფულის ჭარბ ხარჯვაზე, შეგიძლიათ მოიკითხოთ, რა ხდებოდა ოლქში, რომელსაც ჩვენი მხრიდან გოგი მეშველიანი წარმოადგენდა, ან რა ხდებოდა მცხეთა მთიანეთში, ფული არჩევნებს ვერ იგებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ფულის დარიგების სანაცვლოდ ხმის მიღებაზე ჰკითხეს. „ფული არჩევნებს ვერ იგებს. ასე რომ არ იყოს, მერწმუნეთ, ოქრიაშვილიც და ჩოჩელიც მაჟორიტარი დეპუტატები იქნებოდნენ დღეს. პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ. ჩვენ მოგვიწია დიდ ფულთან შეჯახება ამ ოლქებში, მაგრამ ფულით ვერ მოგვიგეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან ჟურნალისტს მიმართა, წარმოადგინოს ფაქტი და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში იქნება სამართლებრივი რეაგირება.