ჩხრეკა ბადრი ესებუას სახლში - ბრიფინგი ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში
ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. ამ წუთებში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, გარე პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბადრი ესებუას სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები. მედიაში გავრცელებული და ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობის თანახმად, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის საქმეზე, სავარაუდო დამნაშავე ბადრი ესებუაა. მისი ახლობლები, „ქრონიკასთან“ საუბრისას, კატეგორიულად გამორიცხავენ დასახელებული პირის კავშირს ზუგდიდში მომხდართან და ამბობენ, რომ მათი ნათესავი ამ დროისათვის თბილისში, საქმეზე იმყოფება. თავდამსხმელის ვინაობა შსს-ს ამ დრომდე არ დაუსახელებია. უწყების ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია. ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ესებუა მოქმედი სამხედროა, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მორიგ დეზინფორმაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება.