დავით გარეჯის საქმე - გოგა ხაინდრავა "დღის ქრონიკაში"
მე ვფიქრობ, რომ დავით გარეჯის საქმეზე კითხვის ნიშნები აღარ დარჩა, განსაკუთრებით სააკაშვილის თვითაღიარების შემდეგ, როდესაც მან პირდაპირ დაასახელა შუამავალიც და თანხაც, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ დავით გარეჯის საქმეზე კითხვის ნიშნები აღარ დარჩა, განსაკუთრებით სააკაშვილის თვითაღიარების შემდეგ, როდესაც მან პირდაპირ დაასახელა შუამავალიც და თანხაც. ამის შემდეგ დაიწყო ისტერია პარტიული ტელევიზიების მხრიდან. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ არსებობს თემები, რომლებიც არასდროს სპეკულაციის საგნად არ უნდა აქციო, მათ შორის არის დავით გარეჯიც. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რად უღირთ ამ ამ ძალებს არჩევნებში მონაწილეობა, რომ ოღონდ ამოყვინთონ პარლამენტის რომელიმე სკამზე. გამოძიება დიდი გასაგრძელებელი აღარაა, ყველაფერი ნათელია და ამის დამადასტურებელი უამრავი დოკუმენტი მოიპოვება. ყველაზე მეტს ჩემთვის ნიშნავს ამ ვითომ დასავლელი პოლიტიკოსების აპელირება საბჭოთა დოკუმენტებზე - მათთვის ეს არის დასაყრდენი და არავინ კითხულობს, რომ საბჭოთა დრომდე კიდევ 14 საუკუნეა, როდესაც ყველა საუკუნეში დასტურდება ის, რომ დავით გარეჯი მხოლოდ საქართველოსთანაა კავშირში, არანაირი სხვა წყარო ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა ხაინდრავამ. 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს პროკურატურამ დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.