ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალა. კერძოდ, გლდანში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებისას, ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომელსაც ძალოვანი უწყების ინფორმაციით არანაირი შეხება არ ჰქონდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან, ხელს უშლიდა სამართალდამცველებს. მისი დაკავების დროს, აიყვანეს ირაკლი ნადირაძეც, თუმცა მალევე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება თავად ეძგვერაძეს, ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.