ბრალდება "ბი-ბი-სის" ტელეწამყვანს
ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ ახალი ამბების ყოფილ ტელეწამყვანს, ჰაუ ედვარდსს ბავშვებისთვის უხამსი სურათების გადაღების საქმეზე ბრალი სამი მუხლით წაუყენეს. მას ბრალად ედება „ვოტსაპის“ აპლიკაციაში „ა“ კატეგორიის 6 ფოტოს შენახვა, რაც ინგლისური სასამართლოს კლასიფიკაციის მიხედვით, ყველაზე სერიოზული კატეგორიაა. მას ასევე აღმოუჩინეს „ბე“ კატეგორიიდან 12 და „ცე“ კატეგორიიდან 19 ფოტო. ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობის მიხედვით, დანაშაულები ჩადენილია 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჰაუ ედვარდს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის სასამართლოში 31 ივლისს უნდა გამოცხადდეს.