IDFI: პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანიები, ვინაიდან მათ შესაძლოა მოსახლეობაში გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისადმი უნდობლობა გააღვივოს, რაც შემდეგომ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხისშემცველი, - წერია ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საუბარია იმ მითებზე, რომლებიც საქართველოსა და მსოფლიოში 5G ტექნოლოგიასთან და კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს.
„თავისთავად საყურადღებოა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანია, ვინაიდან ამგვარი კონსპირაციის თეორიების ფართოდ გავრცელებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს ერთი მხრივ, ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას, მეორე მხრივ კი ტექნოლოგიური პროგრესის მიმართ სკეპტიციზმის ზრდას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას აქტიურად მიეწოდოს სრული და ამომწურავი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, როგორც ჯანმრთელობის საკითხებთან, ასევე - იმ ტექნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებით, რისი დანერგვაც იგეგმება ქვეყანაში.
ამ გზით შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ უნდობლობისა და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხის შესუსტება, რაც გაამარტივებს როგორც ისეთი გამოწვევების წინაშე ბრძოლას, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ასევე - სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესს“, - წერია სტატიაში.
მაშინ, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, სოციალურ ქსელებში საკმაოდ გახშირდა კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული. მსგავს თეორიებს ავრცელებენ როგორც არასანდო წყაროები, ასევე - ცნობილი ადამიანები.
„კორონავირუსის პანდემიასა და 5G ტექნოლოგიას შორის კავშირების შესახებ კონსპირაციული თეორიები საქართველოშიც აქტიურად ვრცელდება კონკრეტული დეზინფორმაციის წყაროებისა და ჯგუფების მიერ.
ქართულ აუდიტორიაში 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი კონსპირაციული თეორია დომინირებს:
5G ტექნოლოგია იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს;
5G აქვეითებს იმუნიტეტს;
5G ტექნოლოგია მასობრივი კონტროლის იარაღია;
5G აზიანებს ეკოსისტემას.
გარდა სხვადასხვა სახის არაავთენტური მასალისა და კონსპირაციის თეორიებისა, ჯგუფებში აქტიურად ზიარდება ინფორმაცია იმგვარი წყაროებიდან, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც ყოფილან შემჩნეული“, - აღნიშნულია სტატიაში.
IDFI-ს მიერ მომზადებულ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.





