ლევან რატიანი: დღეს გარდაცვლილი ქალის შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილია, რომ ინფიცირების წყარო არ იცოდა
ჯანდაცვა

ლევან რატიანი
ფოტო: არქივი
რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 21 დღის განმავლობაში მის ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა, იცოდა - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილის შვილიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და კორონავირუსზე პასუხს ელოდებიან.
„უნდა ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდა, შვილიშვილი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და ელოდება ლუგარის ტესტს. აქედან გამომდინარე, ვიცით, ქალბატონს საიდან გადაედო ინფექცია და ინფექციის წყარო“ - განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





