ანა შეპკინა
შიდა ქართლში თერმოსქრინინგი 5 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
ჯანდაცვა

ფოტო: ანა შეპკინა
მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ღამემ შიდა ქართლში. პირველადი თერმოსქრინინგი 5 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. მაღალი ტემპერატურის მქონე პირები გადამოწმების მიზნით ცხელების მართვის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული ზომების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, დამრღვევებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ჯარიმა დაეკისრა.საგანგებო- საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





