ხათუნა მაისურაძე
საირმის საკარანტინო ზონა დღეს 34-მა მოქალაქემ დატოვა
ჯანდაცვა

იმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი.
საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





